პატრიარქის დალოცვა ბავშვებს:
ძვირფასო ბავშვებო ჩვენო სულიერო შვილებო, უფალს განსაკუთრებით უყვარს ბავშვები და ლოცავს მათ. თუ თქვენ გექნებათ დიდი სიყვარული და სურვილი მასთან სიახლოვისა, თქვენი გული გახდება ტაძარი სულისა წმიდისა, სავანე ღვთისა.
უსურვეთ და გაუკეთეთ სიკეთე ყველას, იმასაც კი, ვინც თქვენ გაწყენინებთ ან გმტრობთ და სხვისთვის გაკეთებული სიკეთე ათმაგად დაგიბრუნდებათ. ერიდეთ ცოდვას, რადგან დანაშაულისთვის და ყოველი მცდარი სიტყვისათვის პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე.
საცოდავი და საბრალოა, ვინც ბოროტებას ატარებს გულით და ღვარძლს თესავს თავის გარშემო. მისთვის ჯოჯოხეთი ამქვეყნადვე იწყება. ღმერთმა გიხსნათ ამ სატანჯველისაგან.
ყველაზე დიდი ცოდვა არის ამპარტავნება, სიამაყე. ნუ იამაყებთ ნურც თქვენი ნიჭით, ნურც სილამაზით, ნურც გონიერებითა და ცოდნით, ნურც ფიზიკური ძალით. გახსოვდეთ, ეს ყველაფერი ღვთისაგან გაქვთ ბოძებული, რათა იგი სიკეთისათვის გამოიყენოთ და უფალსვე ხელეწიფება მისი წართმევა.
გახსოვდეთ, რომელ დღესაც ვერ შესძლებთ სიკეთის ქმნას, ის დღე დაკარგულია.
გიყვარდეთ დედა და მამა და დაიმსახურეთ მათი ლოცვა-კურთხევა, რადგან მშობელთა ლოცვა, ღვთის დალოცვაა.
გიყვარდეთ სამშობლო, ჩვენი მრავალჭირნახული საქართველო, რადგან სამშობლო, როგორც “უფალი, ერთია ქვეყანაზედა”.
კარგად შეისწავლეთ ქრთული ენა და საქართველოს ისტორია; მათში დიდი საიდუმლო და სულიერი ძალაა.
გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
გიყვარდეთ ღმერთი, გიყვარდეთ ადამიანი, გიყვარდეთ წიგნი, რადგან სიყვარული სათავეა სიხარულისა და ადამიანის ბედნიერებისა.
დალოცვილი და გახარებული იყავით; იარეთ ჭეშმარიტების გზით და ჭეშმარიტება მიგიყვანთ უფალთან.
ილია II,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი